სასოფლო-სამეურნეო მიწები

უცხოელები მიწის მემკვიდრეობით მიღებას შეძლებენ - კანონი I მოსმენით მიღებულია

cypressenv.com

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება, თუ ეს მიწა მათ მემკვიდრეობით მიიღეს.

კანონპროექტს მხარი 111-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 13 წავიდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ორგანული კანონის პროექტის ავტორი დეპუტატი ოთარ დანელიაა.

კონსტიტუციის ახალი შესწორებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისების დაშვება ორგანული კანონის მიღებით შეიძლება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ "სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს იმ პირთა სამართლებრივი სტატუსი, რომელთაც გააჩნდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე ან რომლებიც მომავალში მიიღებენ მემკვიდრეობით, ვინაიდან კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება და ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით".

რამდენიმე კვირის წინ ოთარ დანელიამ აღიარა, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. დანელიას თქმით, “დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში.”

ქართულმა ოცნებამ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ორჯერ მიიღო 2013 და 2017 წლებში. მორატორიუმი უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავდა. გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

თავად დანელია მორატორიუმს ლობირებდა და თქვა, რომ დეპუტატი რომ არ ყოფილიყო, “ქართული მარშის” აქციასაც შეურთდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით.

კომენტარები