სულხან მოლაშვილის საქმე

ბოკერია მოლაშვილის წამების ბრალდებაზე: ეს არის უსინდისო სიცრუე

პარლამენტი

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგა ბოკერია "უსინდისო სიცრუეს" უწოდებს მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ TV იმედის ეთერში ნათქვამს, რომ სულხან მოლაშვილის წამებაში გიგა ბოკერია მონაწილეობდა. TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ბოკერიამ აღნიშნა, რომ მისი პერსონალური თემის გამოყენებით, შალვა შავგულიძის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

"იცით, რომ მე თავს ვიკავებდი ამაზე ბევრი საუბრისგან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანი გარდაცვლილია… თავისთავად, ეს საქმე წინა მთავრობისთვის საამაყო არანაირად არ არის, სტრასბურგის სასამართლოში წავაგეთ, ვაღიარეთ მთავრობამ, როგორც წაგებული საქმე. ბევრი შეცდომა იყო, სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო ამ საქმეში. მე ამით პოლიტიკურ სიმპათიას კი არ გამოვხატავ გარდაცვლილი ფიგურის მიმართ, ჩვენს ჩავარდნებზე ვლაპარაკობ, მაგრამ ის ბრალდება, რომელსაც ახლა შავგულიძის წინააღმდეგ იყენებენ მთელი ეს სამთავრობო კლონები სოციალურ ქსელებში, ეს სამთავრობო სპიკერები, არის აბსოლუტურად უსინდისო სიცრუე" - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ამ საოცარ სიცრუეს" შალვა შავგულიძემ ამომწურავი პასუხი გასცა.

"მას ძალიან უზნეოდ სთხოვდა ივანიშვილის სპიკერი, მოსამართლე მურუსიძე, რომ საკუთარ კლიენტზე თქვი - იტყუებოდა თუ არაო. მან ხომ გასცა ამომწურავი პასუხი - მისი ადვოკატი ვიყავი და ეს არასოდეს უხსენებიაო და თვითონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, სარჩელში, რომელიც შეიტანა აწ გარდაცვლილმა ადამიანმა, რომელიც საქართველოში არ იყო ანუ ხელისუფლების წნეხის ქვეშ აღარ იყო, მთავრობას უჩიოდა, ანუ არაფერს ერიდებოდა, მას არასოდეს დაუწერია არავის გვარი, [წერდა], უცნობმა პირებმა [მაწამესო].

მე არათუ ამ სამარცხვინო ამბავთან არ მქონია ვინმეზე ფიზიკური ზემოქმედების შეხება, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთ პატიმართან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ოპოზიციაში როცა ვიყავი და სამოქალაქო სექტორში, მაშინ ვყოფილვარ ციხეში და მთავრობაში [ყოფნისას] არასოდეს.

ეს არის სიცრუე, არ ვიცი, რატომ მოუვიდა ამ ადამიანს ეს ამბავი, ვინ სთხოვა ქართულ ოცნებაში, მაგრამ მითუმეტეს უზნეობაა, შალვა შავგულიძისნაირი ფიგურის მიმართ ასეთი ბინძური კამპანიის წარმოება" - თქვა გიგა ბოკერიამ.

2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლით სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ის 2004 წელს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს 3-4-მა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა საკანში აწამა. სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმავე წელს მიმართა. 

სულხან მოლაშვილს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე ის 2008 წელს გაათავისუფლეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ. ხელისუფლებას მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, ეფექტურად გამოიძიოს სულხან მოლაშვილის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. 

საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2014 წლის 11 მარტით დათარიღებულ წერილში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა დარღვევები სულხან მოლაშვილის საქმეში კონვენციის მე-3, მე-5, მე-6 და მე-14 მუხლების ფარგლებში, რაც გულისხმობს, შესაბამისად, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფლებას, თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიან სასამართლო უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, საქართველოს ძველი ხელისუფლება იძულებული გახდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსთვის აღიარებითი წერილით მიემართა და სულხან მოლაშვილთან მორიგების პროცედურა დაეწყო. მორიგების ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა და პროცედურა ახალმა ხელისუფლებამ დაასრულა.

კომენტარები