ვახტანგ გომელაურის ანგარიში პარლამენტში

გომელაური: რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ არაფორმალურ ანექსიაში გამოიხატება

"ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირობო გამოწვევად რჩება" - ასე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში ვიზიტისას ოკუპაციაზე საუბარი. 

გგომელაურის თქმით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა კვლავაც გრძელდებოდა. 

"2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ სოციალური და პოლიტიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალების მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი სამოქალაქო ცხოვრების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს,"- თქვა გომელაურმა. 

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტიგენტის არსებობა და მათი ქმედებები არამხოლოდ საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც. 

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა საანგარიშო პერიოდში ათეულობით სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. 2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებისა და ე.წ ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებას შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ ბორდერიზაციას საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს,"- თქვა გომელაურმა. 

ვახტანგ გომელაური 3 მაისს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მოხსენების ნაწილი დახურულ ფორმატში ჩატარდა. 

კომენტარები