გომელაური: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჰიბრიდული ომით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს ჰიბრიდულ ომზე ილაპარაკა, თუმცა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მომდინარეობს ეს საფრთხე.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 2018 წელს სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის დაინტერესების სფეროების დადგენისკენ იყო მიმართული, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ჰიბრიდული ომის ფარგლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას, ეთნიკური შუღლისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ცდილობდნენ. 

"საანგარიშო პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. ჰიბრიდული ომის ფარგლებში უცხო სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა,"- თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ამ მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ დესტრუქციულ ძალებს, მედიასა და სოციალურ ქსელებს და ავრცელებდნენ დიდი რაოდენობით დეზინფორმაციასა და ე.წ FAKE NEWS-ს. 

კომენტარები