დავით გარეჯი

ბახტაძე დავით გარეჯზე: ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას შეეფერება

მთავრობის ადმინისტრაცია

"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ბახტაძის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია არსებობდა.

„მე ყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება”, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

დემარკაციის ახალი კომისიის დაკომპლექტების შესახებ გუშინ პარლამენტში ისაუბრა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება. 

კომენტარები