სუდანი

სუდანის სამხედროების თქმით, აღმასრულებელ საბჭოში სამოქალაქო პირების უმრავლესობას არ დაუშვებენ

BBC

სუდანის სამხედრო საბჭოს მთავარი მაღალჩინოსანი სალაჰ აბდელქაეკი ამბობს, რომ გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელ საბჭოში სამოქალაქო პირებს უმრავლესობაში ყოფნის უფლებას არ მისცემს.

სალაჰ აბდელქაეკიმა თქვა, რომ მათ შესაძლოა ადგილების თანაბარი განაწილება განიხილონ - "ეს წითელი ხაზია, ნახევარ-ნახევარი - შეიძლება".

სამხედრო ძალის ლიდერების თქმით, თავად უნდა დარჩნენ სათავეში, რათა ქვეყნაში წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყონ. გასულ თვეს მან თქვა, რომ ძალაუფლების გადაცემა შესაძლებელი იყო იმ შემთხვვევაში, თუ სამოქალაქო ლიდერებთან კონსენსუსს მიაღწევდნენ.

15 აპრილს აფრიკის კავშირმა სამხედრო საბჭოს სამოქალაქო მმართველობისთვის ძალაუფლების გადასაცემად 15 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა. ვადის გასვლის შემდეგ, კავშირმა უკანასკნელად გაახანგრძლივა ვადა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 60 დღეში ორგანიზაცია მათ უფლებამოსილებას შეუჩერებს.

მმართველი სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ სუდანში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაშირის გადაყენების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორი წლით თავად მართავენ ქვეყნას შემდეგ კი არჩევნებს დანიშნავენ.

თავდაპირველად, სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა. მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ.

ხარტუმში ათასობით მომიტინგე ქვეყნის სამართავად სამოქალაქო საბჭოს დაარსებას ითხოვს, თუმცა მმართველი სამხედრო საბჭო მხოლოდ საერთო სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს შექმნას თანხმდება.

სამხედრო საბჭოს საგარეო მხარდაჭერა აქვს საუდის არაბეთის სამეფოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ისინი საბჭოს სამი მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარნენ.

11 აპრილის შემდეგ აქციების მიმდინარეობისას სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სულ მცირე, 16 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები