საქართველოს ფოსტა

საქართველოს ბანკსა და TBC-ს საქართველოს ფოსტის შეძენა სურთ

საქართველოს ფოსტა

პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ როგორც TBC, ისევე საქართველოს ბანკი დაინტერესებულია უწყების შეძენით.

საქართველოს ფოსტაში ტაბულას ამ ინფორმაციას უდასტურებენ.

ჩიკვაიძის თქმით, პრივატიზაციამდე საქართველოს ფოსტას "სტრატეგიული პარტნიორობა" ექნება რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან.

"ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას." - ამბობს ფოსტის გენერალური დირექტორი.

"საქართველოს ბანკი დაინტერესებულია, დაინტერესებულია TBC ბანკიც. TBC ბანკთან ვმუშაობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც".

მისივე თქმით, საქართველოს ფოსტის ღირებულება აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს შესაბამისი კვლევით.

საქართველოს ფოსტის პრივატიზაციაზე საუბარი ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

"ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის შენობების კომპლექსი, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების შენობა, თელასის 25%-იანი სახელმწიფო წილი, საქართველოს ფოსტა, რომელსაც საპრივატიზაციოდ გასატანად მუშაობა სჭირდება და ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში დავასრულებთ მუშაობას, გუდაურში სასტუმრო კომპლექსი, რეზიდენცია ათონელზე, თუმცა შეიძლება ცვლილება გავაკეთოთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში, ხოლო სამინისტროს შენობის საპრივატიზაციოდ გატანა მოხდეს." - აცხადებდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წელს.

2018 წლის დეკემბერში კი ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ფოსტის პრივატიზება 2019 წელს იგეგმებოდა.

კომენტარები