თურქეთი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი რუსული რაკეტების შეძენისას NATO-ს არ ემიჯნება

Sabah

3 მაისს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ რუსული S-400-ის ყიდვით თურქეთი NATO-ს არ ემიჯნება. მისი თქმით, ამ შენაძენის გამო ანკარა არ უნდა გამოითიშოს F-35 პროექტიდან.

"ამ პარტნიორობაში არცერთი პუნქტი ამბობს, რომ ‘თუ S-400-ს შეიძენ, შენ გაირიცხები’. რომელიღაც ქვეყნის სურვილის გამო ჩვენი გარიცხვა არ შეესაბამება სამართალს, კანონებსა თუ უფლებებს. ეს არ უნდა მოხდეს," - აღნიშნა აკარმა.

მისი თქმით, პროექტიდან თურქეთის გამოთიშვით პროექტში ჩართულ სხვა პარტნიორებს "ძალიან სერიოზული ტვირთი" დააწვებათ.

აშშ-ს გაფრთხილებით, მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად თურქეთი უკან არ იხევს. 

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს პუტინმა თქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რუსული S-400 სარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმება დაჩქარდება.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

აშშ-ის სენატში თურქეთისათვის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვას მოითხოვენ, მანამ, სანამ ტრამპი არ დაამოწმებს, რომ თურქეთი NATO-ს საფრთხეს არ უქმნის და თავდაცვის ტექნიკას რუსეთისაგან არ ყიდულობს.

კომენტარები