ნათია თურნავა

თურნავა: მაქვს ამოცანა - არც ერთი დაგვიანებული პროექტი, არც ერთი ე.წ გაჭედილი საკითხი

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის ახლად დანიშნული მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მას აქვს ძალიან მარტივი დავალება, ყველაფერი გეგმის მიხედვით გაკეთდეს და არც ერთი პროექტის შესრულება ან გადაწყვეტილების მიღება არ დაგვიანდეს.

"განმარტა ბატონმა პრემიერმა - ვინც ჩვენს ტემპს ვერ აყვება, ის გუნდში ვერ იქნება. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი დავალება, ყველაფერი უნდა შესრულდეს გეგმის მიხედვით, არც ერთი დაგვიანებული პროექტი, არც ერთი ე.წ გაჭედილი საკითხი, არც ერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს.

ტემპი არ უნდა იყოს დამოკიდებული პირად გადაწყვეტილებებსა და პირად კომუნიკაციებზე, სისტემა მორგებული უნდა იყოს ახალ ტემპზე და ახალ ამოცანებზე. ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს 1000-მდე ადამიანი, კარგი პროფესიონალები არიან, ზოგი მრავალი წელია მუშაობს. მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის თუ როგორ ჩავაყენოთ ეს ადამიანები ბიზნესის ან თუნდაც უბრალო ადამიანების სამსახურში, იმიტომ რომ სამინისტროში 15 ქვედანაყოფია სულ ცოტა, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, ვინც აწვდის კონკრეტულ სერვისებს ბიზნესს, მცირე ბიზნესს, მოსახლეობას.

რამდენადაც წარმატებულად იქნება მათი კომუნიკაცია და იქ მუშაობის პროცესები კარგად იქნება აწყობილი, იმდაგვარად შეგვაფასებს ჩვენ მოსახლეობა და ბიზნესი. სისტემის აწყობაში ვგულისხმობ, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი დაგვიანებები, გადადებული გადაუწყვეტელი საკითხები, ნებისმიერი ადამიანისთვის, ბიზნესისთვის ვინც მოგვმართავს, იყოს ძალიან ნათელი და გამჭვირვალე ლოგიკა და ვადები გადაწყვეტილებების", - თქვა ნათია თურნავამ ტვ იმედის ეთერში, გადაცემაში იმედი LIVE. 

თურნავამ 18 აპრილს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა.

მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ქობულიამ თქვა, რომ ის გადააყენეს, რადგან "მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ხედვების სისწორეში ვერ დაარწმუნა".

ასევე, მისთვის მიუღებელი იყო თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული არგუმენტები - გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და სამინისტროს ცუდად მართვა. ქობულიას თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სწორედ მმართველი გუნდის გამო ჭიანურდებოდა და ამის გამო მას მმართველი გუნდის თავმჯდომარესთან რამდენჯერმე კამათიც კი ჰქონდა.

კომენტარები