ჰესის მშენებლობა პანკისში

თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის ახლად დანიშნული მინისტრი, ნათია თურნავა 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო გაუგებრობას უწოდებს. 

თურნავამ იმედი LIVE-ის ეთერში იმედი გამოთქვა, რომ "მსგავსი ინციდენტი არასდროს განმეორდება და როცა ვნებათა ღელვა ჩაივლის, პანკისელები მივლენ ისეთ კონსენსუსამდე, რომელიც, პირველ რიგში, პანკისს არგებს". 

"ჩვენ იქ ვიცავდით და ვიცავთ არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენის, არამედ პანკისელების ინტერესებს, პანკისის დასაქმებას, პანკისის განვითარებას. 

ძალიან ბევრი რამე კეთდება ამისთვის სხვათა შორის. სტატისტიკას რომ გადავხედე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბენეფიციარები არიან პანკისელები იგივე მცირე გრანტების. 167 ბენეფიციარი გვყავს იქ, დაახლოებით 800 000 ლარი არის ათვისებული. ლიდერობენ მცირე სასტუმროების კუთხით, სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა. 

მოლაპარაკებებში მე ეს დავინახე, რომ ეს არის ბრძენი ხალხი.

ამ გაუგებრობამ, ასე ვუწოდებდი მე მას - წარმოაჩინა მთელი რიგი ობიექტური პრობლემა. პირველ რიგში, როდესაც ასეთი გაუგებრობა ხდება, რა ძალისხმევა და კომუნიკაციაც არ უნდა ყოფილიყო ამის წინ, მაინც მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. 

არის ობიექტური პრობლემები, რომელიც წარმოაჩინა ამ შემთხვევამ, ამ გაუგებრობამ. ობიექტური არის  (და ეს არ არის ერთეული შემთხვევა) ის ფონი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება ჰესებთან დაკავშირებით. 

ჩვენ მოგვმართა კომპანიამ, ვისაც აქვს კანონიერად გაცემული სამშენებლო ნებართვა უკვე წელიწადნახევარია, მოითხოვა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების პირობების შექმნა. ასეთ დროს ჩვენ ვალდებულები ვართ, ვაცნობოთ შინაგან საქმეთა სამინიტროს. 

ბოლო დროს გამძაფრდა წინააღმდეგობა ჰიდროელექტროსადგურების მიმართ. მიზეზი მარტივია - მათი მშენებლობის ტემპი გაიზარდა. 

ჩვენი მოთხოვნა მუდმივად იზრდება. დარგი არის საჭირო, დარგი არის მიმზიდველი, პროექტი ძალიან ბევრია, მშენებლობა - დაახლოებით 1000 მეგავატამდე მცირე და საშუალო ჰესი, არ ვსაუბრობ მსხვილ ჰესებზე, რომელიც არ არის ამდენი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. 

ეს არის ჩვენი გაცხადებული გეგმა, ეს არის ის აუცილებლობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ორ დარგზე, ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე გადის ჩვენი ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შსს-მ თქვა, რომ უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი. 

კომენტარები