ვენესუელა

გუაიდოს თქმით მადუროს დასამხობად ყველაფერს განიხილავენ, მათ შორის საერთაშორისო ინტერვენციას

ხუან გუაიდო
Reuters

ვენესუელის გარდამავალმა პრეზიდენტმა, მადუროს რეჟიმის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მადუროს დასამხობად ყველა შესაძლებლობას განიხილავენ, მათ შორის აშშ-სათვის სამხედრო დახმარების თხოვნას.

"ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ძალიან მყარია, რასაც ჩვენ ვაფასევთ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო." თქვა მან.

შეკითხვაზე ისურვებდა თუ არა ტრამპის და აშშ-ის სამხედრო ძალების ჩარევას მან უპასუხა, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა განიხილონ, მათ შორის საერთაშორისო ინტერვენცია:

"მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ პარლამენტზეა პასუხისმგებელი, შევაფასებ ყველა შესაძლებლობას, თუ საჭირო გახდება." თქვა მან.

გუაიდომ ასევე თქვა, რომ უკანასკნელი კვირის მანძილზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მადუროს მარცხია:

"ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვინც საკუთარ თავს ვნებს მადუროა. ის მარცხდება და მარცხდება. ის უფრო და უფრო სუსტდება, მარტო რჩება და საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ მეტი აღიარება, მხარდაჭერა და სამომავლო შესაძლებლობა გვაქვს." თქვა მან.

გუაიდოს თქმით ნათელია, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მადუროს მხარს აღარ უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ოთხშაბათს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მას შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი თინეიჯერი. დაშავდა სულ მცირე 46 ადამიანი.

ხუან გუაიდომ მოსახლეობას ნიკოლას მადუროს დასამხობად გაფიცვებისაკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში აშშ-ის სამხედრო ძალების ჩართვას არ განიხილავს. მისი თქმით რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა დაარწმუნა, რომ მას არ სურს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში ჩარევა, მხოლოდ სურს, რომ პოზიტიური ცვლილებები მოხდეს. ტრამპის თქმით მასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს.

მიუხედავად ამისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთი ვენესუელადან უნდა გავიდეს.

"ძალიან ნათელია, ჩვენ გვსურს, რომ რუსები გავიდნენ, ირანელები გავიდნენ, კუბელები გავიდნენ." თქვა მან.

კომენტარები