გიორგი ქობულიას გადაყენება

"ვალდებულია, კონკრეტული პასუხები გაგვცეს" - ოპოზიცია გიორგი ქობულიას კომიტეტზე იბარებს

ეკონომიკის სამინისტრო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კომიტეტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას, მისვლის საკითხი დააყენა. 

ეს გადაწყვეტილება ფრაქციამ ქობულიას მიერ "ფორბსის დილისთვის" და "შაბათის კურიერისთვის" მიცემული ინტერვიუების შემდეგ მიიღო, სადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იმ მიზეზებზე საუბრობდა, რის გამოც მას პოსტი დაატოვებინეს. 

"ჩვენმა ფრაქციამ ახლა შემოიტანა ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ რეგლამენტის შესაბამისად იყოს განხილული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საქმიანობისა და ასევე მისი გათავისუფლების მიზეზების შესახებ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მისი გამოსვლა, სადაც ბევრი საგანგაშო რამ ითქვა," - ამბობს ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე. 

გოცირიძის ინიციატივის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, აღნიშნა, რომ პირადად ის ამ იდეის მომხრეა, თუმცა აზრი სხვა დეპუტატებსაც უნდა ჰკითხოს, რაზეც ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ ინიციატივების წინააღმდეგები არიან. 

რეზო არველაძემ თქვა, რომ ქობულია გადაყენებამდე წარსდგა პარლამენტის წინაშე მოხსენებით და ახლა მის მიწვევაში აზრს ვერ ხედავს. 

"ნაწყენი კაცის პოზიციიდან ინტერვიუების გაკეთება ჩვენ ერთი და ორი არ გვინახია ეგეთი", - თქვა არველაძემ. 

არველაძის აზრი გაიზიარა უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმაც, და თქვა, რომ თუკი ქობულიას გუნდში პრობლემები ჰქონდა, გუნდშივე უნდა დაეწყო ამაზე ლაპარაკი, სანამ ეთერში იტყოდა. ამასთან, ყოფილი მინისტრის ინტერვიუს "პოპულიზმად" მიიჩნევს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას დაეთანხმა ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. 

"თუ ბატონი ქობულია თვითონ გამოთქვამს სურვილს, რომ მოვიდეს კომიტეტზე, მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მოვიდეს. იმიტომ, რომ ვერცერთ შემთხვევაში პირს ვერ ავუხვევთ. ის გამოვა და ისაუბრებს და ყოველთვის გექნებათ ასეთი პინგ-პონგი. ის თქვენზე ილაპარაკებთ ტელევიზიის ეთერში და თქვენ აქ გულს მოიფხანთ და იტყვით, გუნდში რატომ არ ილაპარაკეო,"- თქვა ბაქრაძემ. 

"ცოტა სასაცილოა თქვენგან ქობულიას დაცვა" - უპასუხა ბაქრაძეს წილოსანმა, რაზეც ევროპული საქართველოს ლიდერმა უთხრა, რომ ის ქობულიას სულაც არ იცავს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი ქობულია, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ ის მინისტრთა კაბინეტის წევრი აღარ არის, მისთვის კომიტეტზე მისვლა სავალდებულო არ არის, თუმცა "შაბათის კურიერში" ინტერვიუს დროს მან პარლამენტში მისვლაზე მზადყოფნა გამოთქვა. 

გიორგი ქობულიამ ინტერვიუში თქვა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან, პრემიერმინისტრმა ბახტაძემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა, ამბობს, რომ ამას ვერ დააკონკრეტებს. გადაყენების მიზეზად ქობულია მიზეზად მასა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

კომენტარები