ავტოსაგზაო მოძრაობა

შსს: ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები იზრდება

0 კომენტარი
ფოტო: კომერსანტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა.

უწყების ცნობით, ეს ბოლო წლებში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა შსს ამბობს, რომ მათი მიზანია, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს.

ამისთვის უწყება გეგმავს, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კამერები დაამატოს, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას აღბეჭდავს და დამრღვევს დააჯარიმებს. იგეგმება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესები დარღვევისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდა.

ასევე, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება უკვე მომზადებულია და მალე მისი განხილვა ჯერ მთავრობაზე, შემდეგ კი პარლამენტში დაიწყება.

"წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია.

ცვლილებები გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება.

თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას. ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად რეგიონებში გაიზრდება.

რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცაღა, გამკაცრება ამ მხრივ ცალსახად მოსალოდნელია. სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით მოხდება როგორც სანქციების გამკაცრება, არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება.

ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს", - თქვა ნინო ჯავახაძემ.გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები