ჩინეთი

ჩინეთი მოსახლეობის მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწევს

HECTOR RETAMAL / Getty Images

Global Demographics-სა და Complete Intelligence-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა მოსახლეობის პიკს 2023 წლისთვის მიაღწევს. ჩინეთის მთავრობის გამოთვლებით კი ეს წელი 2029 უნდა ყოფილიყო.

“ზრდის ტემპი საკმაოდ სწრაფად მცირდება, ხალხს ეგონა, რომ პიკს მოსახლეობა დეკადის შემდეგ მიაღწევდა, თუმცა ამ თარიღთან უკვე ახლოს ვართ” - განაცხადა Complete Intelligence-ის დამაარსებელმა ტონი ნეშმა.

კვლევის მიხედვით, ფერტილური ქალების (15-დან 49 წლამდე) რიცხვი 2023 წლისათვის, 346-დან (2018 წ.) 318 მილიონამდე შემცირდება. ახალდაბადებულთა რიცხვი კი 2023 წლისთვის 13.3 მილიონი იქნება, როცა 2018 წელს 15.2 მილიონს შეადგენდა.

ჩინეთმა “ერთი ბავშვის პოლიტიკის” შერბილება 2013 წელს დაიწყო, რამაც შობადობის ბუმი გამოიწვია და 6 წლის მანძილზე დაახლოებით 11 მილიონით მეტი ბავშვი დაიბადა. თუმცა მკვლევარების აზრით, ეს ეფექტი თანდათანობით მცირდება.

ჩინეთის მოსახლეობის მოსალოდნელი შემცირება ნეგატიურად იმოქმედებს კონკრეტულ ბიზნესებზე, პირველ რიგში ბავშვის მოვლისა და გართობის პროდუქტების მწარმოებლები დაზარალდებიან. მოსახლეობის შემცირებას აგრეთვე პოლიტიკური შედეგები ექნება, მაგალითად პენსიონერთა გაზრდილი წილი.

სავარაუდოდ, 2023 წლის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს - კორეა, იაპონია, ტაივანი და ჩინეთი - მოსახლეობის მაქსიმუმი მიღწეული ექნებათ. “თუ მსოფლიოს ეს ნაწილი აპირებს მსოფლიოს პროდუქტების 35%-ის წარმოება გააგრძელოს, მათ მოუწევთ ავტომატიზაციაზე გადაიტანონ ყურადღება” - აცხადებს ნეში.

ახალგაზრდა მუშახელის გარეშე ჩინეთს ძალიან გაუჭირდება შეინარჩუნოს მსოფლიოში კონკურენტული საშუალო ხარჯი თითო მუშაზე. ჩინეთში ხელფასების ზრდასთან ერთად, ნეშის აზრით, შესაძლოა დაბალკვალიფიკაციური სამუშაო ადგილების ბანგლადეშსა და ვიეტნამში გადატანა დაიწყოს.

კომენტარები