თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

პროკურატურა: მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება ორ თვეში დასრულდება

reginfo,ge

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ე.წ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. უწყების განმარტებით, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიიღებენ.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების იარაღის გამოყენებით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

"ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზები. 

გამოძიებამ გამოკითხა  არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები).

გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების  უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, გამოძიების ყველა ეტაპზე,  საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია. ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა" - აცხადებს პროკურატურა.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

კომენტარები