ჩინეთი

ჩინეთს აშშ-სა და რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკებები არ სურს

სი ძინპინი / დონალდ ტრამპი / ვლადიმირ პუტინი
DailyExpress

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ქვეყანა აშშ-სთან და რუსეთთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. მისივე თქმით ქვეყნის ბირთვული შეიარაღება "ყველაზე დაბალ დონეზეა", რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებს შეესაბამება და ის აშშ-სა და რუსეთს არც შეედრება.

"ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ურიგოდ საუბრობს ჩინეთზე იარაღის კონტროლის კუთხით და არ მიიღებს მონაწილეობას არავითარ სამმხრივ მოლაპარაკებებში ბირთვული განიარაღების შეთანხმებაზე." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გასულ პარასკევს სატელეფონო საუბრისას მან და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს ახალი შეთანხმების შესაძლებლობა, რომელიც ჩინეთსაც მოიცავს და სამი ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირებას დაისახავს მიზნად.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ მომავალში პუტინთან და სი ძინპინთან განიხილავდა უკონტროლო შეიარაღების შეჯიბრის შეწყვეტას.

აშშ-მა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვება 2 თებერვლიდან დაიწყო და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთმაც დაიწყო შეთანხმების დატოვება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დროინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევდა და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

"საფრთხე აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვება არაა. საფრთხე რუსეთის მიერ უკვე განთავსებული რაკეტებია," - თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა.

ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც ქმნიან.

"რუსეთის შეთანხმებას არ ასრულებს. სანამ გონს არ მოეგებიან, ჩვენ სხვებზე მეტი ფული გვაქვს, ჩვენ შევიარაღდებით," - თქვა დონალდ ტრამპმა და შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მუქარა ვლადიმირ პუტინისკენ მიმართული უპასუხა: "ვიკენაც გსურთ, იმისკენ არის მიმართული. ეს მოიცავს ჩინეთსაც, რუსეთსაც და ნებისმიერს, ვისაც ამ თამაშის თამაში სურს. ამას ვერ გააკეთებთ. ამ თამაშს ვერ მეთამაშებით."

ჩინეთმა ხელშეკრულების დატოვების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო.

კომენტარები