რუსთავი 2

გვარამია: დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილი მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე და ამას "ქართული ოცნების" ახალი გეგმა უწოდა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

"დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა და, რა თქმა უნდა, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რუსთავი 2 -სთვის, არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის, ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ძალა გააცნობიერებს ამას. ეს ბრძოლა გადის რუსთავი 2-ზე. რუსთავი 2-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი რუსთავი 2-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და რუსთავი 2-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით.  ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს. ითხოვს, თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონ ლარს. ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია. ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი. სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა. ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია... ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით. ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის." თქვა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე.

გვარამიას თქმით მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება:

"ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ." თქვა მან.

ნიკა გვარამიას თქმით მოდავე ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე და მან წვლილი გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო მის უკან ხელისუფლება დგას:

"ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს "რიჟას." ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი." თქვა მან.

კომენტარები