მიანმარი

მიანმარში დაკავებული Reuters-ის ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

Reuters

Reuters-ის ორი ჟურნალისტი ვა ლოუნი და კიან სოუ, რომლებიც მიანმარში განვითარებული მოვლენების გაშუქების შემდეგ დააკავეს, პრეზიდენტის ამნისტიით გაათავისუფლეს.

მათ გასული წლის სექტემბერში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საპატიმროში 500 დღეზე მეტი გაატარეს. ჟურნალისტების გარდა ამნისტია კიდევ ათასობით პატიმარს შეეხო. პრეზიდენტი მიანმარში ყოველ წელს, ახალი წლის დღესასწაულთა დაკავშირებით იწყალებს პატიმრებს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა ჟურნალისტებმა გასულ თვეს პრესტიჟული პულიცერის ჯილდო მიიღეს მათი სამუშაოსთვის და იმისათვის, რომ პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ.

მათი დაკავების გამო მიანმარის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებამ გააკრიტიკა. ორივე ჟურნალისტი მიანმარის მოქალაქეა. დაკავებამდე ისინი 2017 წელის სექტემბერში რაკჰაინის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში 10 როჰინჯა მუსლიმის მკვლელობის თაობაზე ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ, სხვა ჟურნალისტების დახმარებით გამოქვეყნდა და მასში შედის ინტერვიუები სოფლის ბუდის მოსახლეობასთან, რომელთაც მუსლიმების მკვლელობა და მათი სახლების გადაწვა აღიარეს და ასევე გასამხედროებული დაჯგუფების წევრების მონათხრობი, რომლითაც ირკვევა, რომ მომხდარში პირდაპირ იყვნენ ჩართული მიანმარის სამხედრო ძალების წარმომადგენლები.

საქმის გახმაურების შემდეგ დააკავეს 7 სამხედრო. მათ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. ამჟამად იგეგმება 2,000-მდე ადამიანის მიანმარში დაბრუნება.

გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუ ჩის რაკჰაინის რეგიონში გავითარებული მოვლენების გამო უნდა დაეტოვებინა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად გასული წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

კომენტარები