რომან კაკულია

რომან კაკულიას კომიტეტის სახელის შეცვლა და სამინისტროებში ახალი პოსტის შემოღება სურს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის სახელის შეცვლა იგეგმება. მისი თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, სურს კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკის სახელი ჰქონდეს.

"ახლა კომიტეტის დასახელებას ვცვლი, შეიძლება ვიღაცამ ირონიით შეხედოს ამას, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკა მინდა ვაქციო მთავარ სიტყვად" - თქვა კაკულიამ ტვ პირველის ეთერში.

გარდა ამისა, რომან კაკულია გამოდის ინიციატივით, რომ სამინისტროებში მუდმივი მდივნის თანამდებობა გაჩნდეს.

"ადრე მქონდა ეს ინიციატივა, მუდმივი მდივანი - არსებობს ასეთი პოზიცია სამინისტროებში, რისი შემოღებაც ჩვენს რეალობაში აუცილებელია. ეს არის სახელმწიფო მოხელე, არაპოლიტიკური ფიგურა, რომელიც რეალურად ხემძღვანელობს სამინისტროს და მერე არ ვართ დამოკიდებული ამდენი მინისტრის მოსვლა-წასვლაზე." - ამბობს კაკულია.

"კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩვიდმეტი მინისტრის ცვლილების ფონზე, რომ ეს პოზიცია შემოსაღებია და ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიქნები. დავუბრუნდები ამ თემას საჯარო სამსახურში ამ ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომ მუდმივი მდივანი, როგორც სამინისტროებში არსებული პოზიცია, უფრო სწორად სამინისტროს ხელმძღვანელი არაპოლიტიკური პირი, რომელიც არ იცვლება. იცვლება მხოლოდ როცა ახალი ხელისუფლება მოვა."

კომენტარები