დები საუდის არაბეთიდან

საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს

საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა მაჰა​ და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს. ამის შესახებ მათ Twitter-ზე დაწერეს. 

"გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ საქართველოს ვტოვებთ. ჩვენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ ახალ ქვეყანაში. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ვინც მხარს გვიჭერდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდით მათ, ვინც ჩვენ შესახებ პეტიციას ხელი მოაწერა"- დაწერეს დებმა. 

უსაფრთხოების მიზნით, დები თავიანთ მომავალ საცხოვრებელს არ ასახელებენ.

რამდენიმე დღის წინ დებმა ალ-სუბაიებმა twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნეს სადაც ამბობდნენ რომ საქართველოში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე თავიანთი ოჯახის წევრებისგან ემუქრებოდათ. 

ისინი წერდნენ, რომ საქართველოში მათ საძებნად მათი მამა და ძმები ჩამოვიდნენ.

"მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში", – წერდნენ საუდის არაბეთიდან გაქცეული დები.

18 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დები მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრშ გადაიყვანეს, რათა თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები გაევლოთ.

კომენტარები