მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ფარული ჩანაწერი - სუს მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს

kvirispalitra.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

ამის შესახებ დღეს, 7 მაისს სუს-ის წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

სუს-მა ასევე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილის, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს ესაუბრება. ჩანაწერში დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. 


ჩანაწერს, რომელიც სუს-ის მიერ გამოქვეყნდა, ქართულ ენაზე თარგმნილი ტიტრები ადევს. სუს-ის მტკიცებით, ჩანაწერში მოსაუბრე მაჩალიკაშვილი ძმიშვილს ავალებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავის მდებარეობა შეისწავლოს. ჩანაწერშივე, სუს-ის მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ძმიშვილს ეუბნება, რომ მათ სიცოცხლეც და გადარჩენაც "ფეხებზე ჰკიდიათ" და მათ მოკვლას გეგმავს:

"სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსის ნახავ. ტაქსიში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილზე არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ, იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ, რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან, წითელწყარომდე რა ფასიც უთხარი. მისცემ და გაუშვებ. შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო. უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის, იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი. ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათს და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მორის მაჩალიკაშვილი ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება. 

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით,"- წერია განცხადებაში. 

სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წლის 31 მაისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ნუ მომკლავ" ნათქვამი სიტყვები დაედო, სადაც მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ასობით ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომ სუს-ის შენობაში თავი უნდა აეფეთქებინათ. 

სუს-ისვე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მაჩალიკაშვილის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა და ასევე ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება ხდებოდა. 

"პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა,"- წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სუს-ის განცხადებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

---

გაშიფრული ჩანაწერი სრულად: 

"გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო  ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ  ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები,"- წერია განცხადებაში. 

ჩანაწერს, რომელიც სუს-ის მიერ გამოქვეყნდა, ქართულ ენაზე თარგმნილი ტიტრები ადევს. სუს-ის მტკიცებით, ჩანაწერში მოსაუბრე მაჩალიკაშვილი ძმიშვილს ავალებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავის მდებარეობა შეისწავლოს. ჩანაწერშივე, სუს-ის მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ძმიშვილს ეუბნება, რომ მათ სიცოცხლეც და გადარჩენაც "ფეხებზე ჰკიდიათ" და მათ მოკვლას გეგმავს. 

"კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამსდევს, ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ, ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ, შენ დღეს იქ უნდა წახვიდე-მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო.

ეგ აზრები "ვაბშე" თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს. მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი, ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდება-თქო, აი, ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი არ გქონდეს, ერთი კაცია, ვისზეც შენ უნდა იმუშავო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის, სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის. უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო,მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. 

ყველაზე მეტად ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებში და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთა. მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო, ჩვენ გვერდით არავინ არ გვყავს დამდგომი, გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ, მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ვცხოვრობ თემირლანი ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენც იქ იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე. არც შენი აეროპორტში სიარული მჭირდება და არც შენი საავადმყოფოებში სიარული, ანზორიც რომ იწვეს მანდ. თუ საჭირო იქნება... 

მე აქ ვცდილობ ესენი პოლიტიკურად გავანადგურო, მეორე გზას შენ უნდა მიხედო, წასასვლელი და მოსასვლელი ფული არ გვაქვსო, მაგის გამო არ უნდა გაჩერდე, მე არ უნდა მოგერიდო არასოდეს. ბიძა, მე აქ მივდივარ, მე ფული მჭირდება. "ვსიო" მორჩა, შენ მაგ მიმართულებით მუშაობ, მე ამ მიმართულებით ვმუშაობ. აქ როცა ხარ, მაშინაც ერთი წუთით გვერდიდან არ მომშორდე, რაღაცა რომ მოხდეს, პირველად ჰუსეინს დაურეკავენ, ჰუსეინო, შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვიციო. ეგ სირცხვილია, ეგ არ არის სწორი. ნახევარი საქართველო მე და შენ ჭკუა-დარიგებას გვეკითხება, მე და შენ არ გვაქვს უფლება, შეცდომა დავუშვათ. 

არავის ნდობა არ შეიძლება, მე და შენ ვისაც უნდა ვენდოთ, ის ერთი კაცი რუსლანი არის, რუსლანს რომ გაცდება, მეტი არავის ნდობა არ შეიძლება. ერთადერთი, რამზანი რომ არის? მაგის ნდობაც შეიძლება, მეტი დანარჩენი "ვსიო". და, ძმა, ნათესავი, მოგვარე, არავის ნდობა არ შეიძლება. ერთი ვისაც უნდა ვენდოთ, რუსლანია და მეორე ის ბიჭი, რამზანი, იქ მორჩა "ვსიო", დანარჩენი არცერთი ადამიანი არ არის სანდო, არცერთი!

სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსის ნახავ. ტაქსიში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილზე არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ, იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ, რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან, წითელწყარომდე რა ფასიც უთხარი. მისცემ და გაუშვებ. შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო. უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის, იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი. ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათს და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას. 

დღეს საღამოს იმ ადგილას წახვალ. იქ მარტო არ უნდა წახვიდე, შენთვის ყველაზე სანდო, მე არ ვიცი, ვის ენდობი. შენ რამდენად სანდო ხალხი გყავს გვერდით. ვისაც ენდობი, ერთი კაცი წაიყვანე, დღეს საღამოს იქ წადი და ღამით დარჩი. თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა, რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო, ეტყვი, სანახავად მოვედი, მართალია, თუ არა-თქო. ტელეფონში არაფერი არ დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ტელეფონი, ყოველთვის!"
 

კომენტარები