დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯის მონასტერი, დემარკაცია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაჭიანურებული პროცესი

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

2019 წლის 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება. ეს არ მომხდარა, თუმცა, აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენები ვნებათაღელვის საგანი გახდა.

საზოგადოების ერთმა ნაწილმა მომხდარი საქართველოს საზღვრის ხელყოფად აღიქვა. მათ აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაშიც კი დასდეს ბრალი. მწვავე განცხადებები გააკეთა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა, რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა - მან სისხლის დაღვრისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვა. მეუფე იობის განცხადებებს მალევე გაემიჯნა საქართველოს საპატრიარქო.

საქართველოს ხელისუფლებას კი ამ დრომდე არ გაუკეთებია ამომწურავი განცხადება, კონკრეტულად რა მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან.

რამ გამოიწვია მომხდარი

სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯში, ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრიისას ფოტო: პირველი არხი

აზერბაიჯანელების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის, მართალია დროებით, მაგრამ მაინც გადაკეტვის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ ბაქოში, შემდეგ კი დავით გარეჯში ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა 27 თებერვალს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

მიზანი, რომ საქართველომ დაასრულოს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, ხელისუფლების განცხადებული სტრატეგიაა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს, მაშინ მთელი 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

დემარკაციის პროცესი

ისტორიკოსი, საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ბრაგვაძე ტაბულასთან ამბობს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობების ფონზე, ერთი შეხედვით, ანომალიურია, რომ ორი ქვეყანა საზღვრის საბოლოო დემარკაცია-დელიმიტაციას ვერ ახერხებს.

ბრაგვაძის თქმით, ამას ბევრი რამ შეიძლება უშლიდეს ხელს. პირველ რიგში - არსებული კომისიის არაეფექტიანობა. კომისია წლებია მუშაობს, მარგამ მისი წევრების ხშირი ცვლა პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს.

დავით ბრაგვაძე ფოტო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

რაც შეეხება პრეზიდენტის ბაქოში და შემდეგ გარეჯში ვიზიტს, ბრაგვაძის შეფასებით:

"ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მეგობარ ქვეყანასთან საზღვრის შეთანხმების სურვილი გამოთქვა. არც ისაა უცნაური და მიუღებელი, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერს ესტუმრა. სხვა საკითხია, რამდენად იყო საკითხის ასე დასმა შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს.

რამდენად არიან დღეს მზად საქართველო და აზერბაიჯანი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად? - წლების მანძილზე დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომ არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მონასტერში ჩასულ სტუმრებს თავისუფლად შეეძლოთ ქედის მეორე კალთაზე მდებარე უდაბნოს მონასტერში სტუმრობა. ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სწორედ პრეზიდენტის მკვეთრმა პოზიციამ გააღიზიანა აზერბაიჯანული მხარე, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია".

წლების წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის შესახებ, აზერბაიჯანის მხარეზე მდებარე, დავით გარეჯის ნაწილის სანაცვლოდ, ვინაიდან კომპლექსი ქართველებისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2007 წლის აპრილში თქვა, რომ მონასტერი კავკასიელი ალბანელების (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარსულში მობინადრე გადაშენებული ერი) საცხოვრებელი იყო.

პოლიტიკის მკვლევრის, პროფესორ ზურაბ დავითაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, საკითხი ძალიან რთულად არის.

"როგორც ვიცი, აზერბაიჯანი არ თანხმდება ტერიტორიულ გაცვლას, რომ ეს 3 მონასტერი საქართველოს შემადგენლობაში გადმოვიდეს და სანაცვლო მიიღოს თუნდაც უფრო დიდი ტერიტორია. ამიტომ, ახლა მოლაპარაკებები ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ბერებმა, მლოცველებმა თუ ტურისტებმა საქართველოს ტერიტორიიდან ამ ძეგლებამდე მისვლა დაუბრკოლებლად შეძლონ".

მისი თქმით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანთან ურთიერთობის რამე ფორმით გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

ზურაბ დავითაშვილი ფოტო: ლიბერალი

"შეიძლება შემდეგ მომავალში მოხდეს ტერიტორიული გაცვლა. საზღვრის საერთოდ ჩაკეტვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დაუშვებლად მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება, დაძაბავს სიტუაციას.

სალომე ზურაბიშვილს ჩვევია დაუფიქრებელი, ყოვლად მოუზომელი, შეიძლება ეს უვიცობის ბრალიც არის, განცხადებები. დემარკაცია რომ მოხდეს, ეს სამი მონასტერი საზღვრის იქით აღმოჩნდება და ეს ვის აწყობს ახლა", - ამბობს დავითაშვილი. 

"დაუშვებელია დავით გარეჯის და ოკუპაციის პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება"

ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის მონასტერთან ფოტო: რუსთავი 2

დავით გარეჯი ჩვენია - ამ მოწოდებით მოქალაქეთა ჯგუფმა დავით გარეჯის მონასთერთან, აზერბაიჯანის საზღვართან აქცია გამართა. შეკრებულებმა მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა დროულად მოაგვაროს და საქართველოს კუთვნილი ტერიტორია დაიცვას.

დავით ქაცარავამ, რომელიც ე.წ ანტისაოკუპაციო ჯგუფის წევრია და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, საოკუპაციო ხაზთან, ქარელის სოფელ ატოცში პატრულირებს, თქვა, რომ “დავით გარეჯისთვის კონფლიქტის მეორე მხარეს საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელმც ამრავალჯერ გამოგვიწოდა დახმარების ხელი”.

მისმა ანტისაოკუპაციო ჯგუფმა მაინც გადაწყვიტა პატრულირება დავით გარეჯთანაც.

“ისევე, როგორც ატოცში, კოდაში თუ ხურვალეთში, ჩვენ ვმოქმედებთ პოლიციასთან შეთანხმებით, დავით გარეჯში პატრულირება განხორციელდება იქ დისლოცირებულ მესაზღვრეებთან ერთად”, - თქვა მან.

ზურაბ დავითაშვილის აზრით, დაუშვებელია დავით გარეჯის და ოკუპაციის პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება.

“დაფიქრებულად უნდა მოიქცეს ყველა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი თუ ჟურნალისტი. ნამდვილად არ შეიძლება ამ პრობლემის დაკავშირება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან”, - ამბიბს ის.

ამავე აზრზეა დავით ბრაგვაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაწელილი პროცესის რუსეთის ოკუპაციასთან გაიგივება მიზანშეწონილი არ არის.

“დავით გარეჯში ანტი-საოკუპაციო მოძრაობის მიერ ე.წ. პატრულირების დაწყება, თუ სხვა სახის აქტივობები ერთი მხრივ არ წაადგება ვითარების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას, მეორე მხრივ კი ჩრდილს აყენებს თავად ამ მოძრაობის ავტორიტეტს.

აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზოლის გარკვეულ ნაწილზე დროში გაწელილი მოლაპარაკებების პროცესი არ შეიძლება გავაიგივოთ რუსულ სამხედრო ოკუპაციასთან

მეტიც, მსგავი ქმედებები შეიძლება აზერბაიჯანმა საკმაოდ მტკივნეულად აღიქვას და დე-ფაქტო საზღვრის ღია მონაკვეთი უფრო ხანგრძლივი ვადით ჩაკეტოს, რაც გარეჯში ჩასულ ადამიანებს უდაბნოს მონასტრის მონახულების შესაძლებლობას წაართმევს. ბაქოში გარკვეული წრეების მიერ ეს ქმედებები შეიძლება ოფიციალური თბილისის მხრიდან წახალისებულ კამპანიადაც კი ჩათვალონ, რადგან აზერბაიჯანში მსგავსი სახის აქტივობებს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არავინ აკეთებს. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს პატრიოტული მიზნები აქვთ, მაგრამ მათი ქმედებების შედეგი შეიძლება უკიდურესად არასასიამოვნო აღმოჩნდეს".

რა უნდა გააკეთოს საქართველომ

ფოტო: რადიო თავისუფლება

დავით ბრაგვაძის აზრით:

“აზერბაიჯანთან ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და მნიშვნელოვანი. ენერგეტიკული პროექტების გარდა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული ინვესტიციების წილი ქართულ ეკონომიკაში. ასევე, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა. თბილისსა და ბაქოს აქვთ როგორც მჭიდრო ორმხრივი, ისე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატები - თურქეთთან ერთად. ცხადია, ურთიერთობების გაუარესება არც ერთი მხარის ინტერესს არ წარმოადგენს.

ვფიქრობ, თბილისის მთავარი ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რადგან სხვადასხვა ჯგუფები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, კიდევ უფრო ძაბავენ ვითარებას. საქართველოს მოსახლეობა საკითხთან დაკავშირებით კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ანტი-აზერბაიჯანული განწყობების ზრდა, რაც არა მხოლოდ ბაქოსთან ურთიერთობების კონტექსტშია საშიში, არამედ ჩვენი საზოგადოების ერთიანობასაც საფრთხეს უქმნის”.

ზურაბ დავითაშვილის თქმით:

“ალბათ საჭირო იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ მუდმივად ხაზის გასმა, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია და არა ალბანური. მანამდე კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა, რომ სასულიერო პირებმა, მლოცველებმა და ტურისტებმა დაუბრკოლებლივ მიაღწიონ ბერთუბანს, ჩიჩხიტურსა თუ უდაბნოს”.

2019 წლის 2 მაისს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ” წლების განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით გაურკვეველი პაუზა იყო, ახლა კი შეიქმნება დემარკაციის ახალი კომისია და სამუშაო ჩვენს მეზობელთან ერთად დაიწყება”.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით კი, კომისიის შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები