საქართველოს პარლამენტი

ქანთარია ითხოვს, 14 მაისი სამშობლოს დღედ გამოცხადდეს, ხოლო 8 მარტი - უქმე დღე აღარ იყოს

ქართული ოცნების წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი და რამდენიმე ისტორიკოსი 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითხოვენ. როგორც განმარტებით ბარათში წერია, "ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის". ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, 8 მარტი უქმე დღე აღარ უნდა იყოს და ამ დასვენების დღეს 14 მაისი ჩაანაცვლებს.

"თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ - უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ" - წერია კანონპროექტში.

ინიციატორი აღნიშნავს, რომ 14 მაისის აღნიშვნა არ იქნება დაკავშირებული სამხედრო კომპონენტთან და ძირითადად ისტორიულ-კულტურული ხასიათის ღონისძიებებით შემოიფარგლება. ნუკრი ქანთარიას შეფასებით, სამშობლოს დღის აღნიშვნისათვის მიზანშეწონილია დაახლოებით 300 000 ლარის გამოყოფა.

"გარდა ამისა, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს 2020-2022 წლების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო ორგანიზაცია შესაბამის პირებს დაასაქმებს უქმე დღეს, მათ მოუწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურების გაცემა" - წერია კანონპროექტში.

 

 

კომენტარები