მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მორის მაჩალიკაშვილი დაკითხვიდან გამოვიდა

ტაბულა

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულდა. ის დაკითხვიდან ადვოკატთან ერთად გამოვიდა. მორის მაჩალიკაშვილს დაახლოებით დღის 12 საათიდან კითხავდნენ.

ადვოკატი ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ის გასაიდუმლოებულია. 

"იმას დავამატებ, რომ დასმული კითხვები იმ საკითხთან რელევანტური არ იყო და აბსოლუტურად სხვა ფრაგმენტებს ითვალისწინებდა,"- თქვა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატის განცხადებით, არც მტკიცებულებები უნახავთ და დაკითხვისას არც ვიდეო უჩვენებიათ. თავად მორის მაჩალიკაშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ სახელმწიფოს მისი განადგურება უნდა.

"წელიწადია აქ ვდგავარ და სამართლიანად ვითხოვ დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები. მთელი წელია მთელი ქვეყანა მიყურებს და აქ ვდგავარ, ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც აქვს სახელმწიფოს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ დიდი ხანია, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება", - უთხრა მან ჟურნალისტებს და რუსთაველის დატოვა. 

კომენტარები