მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

პროკურატურა მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ტაბულა

საქართველოს მთავარი პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. მათი მტკიცებით, სუს-მა ეფექტურად შეძლო ტერორისტული აქტის თავიდან არიდება. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება," - ამბობენ უწყებაში.

მათი თქმით, ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. "ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება," - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც სამომავლოდ დამატებითი ცნობების მიწოდებას გვპირდებიან.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრალდებას უარყოფს. მან საპასუხოდ თქვა, რომ სახელმწიფოს მისი განადგურება უნდა.

"წელიწადია აქ ვდგავარ და სამართლიანად ვითხოვ დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები. მთელი წელია მთელი ქვეყანა მიყურებს და აქ ვდგავარ, ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც აქვს სახელმწიფოს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ დიდი ხანია, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება", - უთხრა მან ჟურნალისტებს და რუსთაველის დატოვა. 

კომენტარები