რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: სანამ R2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილება მოქმედებს, ხელისუფლება ვერაფერს იზამს

პარლამენტი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს ერთერთი მეწილის, ნინო ნიჟარაძის, სამართლებრივი არგუმენტები, მანამ, სანამ ტელეკომპანიაზე სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მოქმედებს, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს. 

თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა. 

"მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს რუსთავი 2-ის, როგორც ერთერთი მესაკუთრის, ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ 2 წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ შეჩერების გადაწყვეტილება ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი ან იუსტიციის სამინისტროს რომელიმე სსიპ, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ, სანამ შეჩერების გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ, სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,"- ამბობს თეა წულუკიანი. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების, ჯამში 26 მილიონს ლარს.  გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

2017 წელს, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა საქმე უზენაეს სასამართლოში წააგო, ევროსასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 მარტს დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები