მაჩალიკაშვილი: მე ციხის არ მეშინია, ციხიდან ვიბრძოლებ, თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ აქ ვარ

„როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ეს საუბარი, შესაძლოა მეთქვა,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერში გაჟღერებული შინაარსი მართლაც მას ეკუთვნის, თუმცა ამბობს, რომ ტერაქტზე წამსვლელი არ არის.

„მე არ ვარ ის ადამიანი, არ დამიმთავრებია ის სკოლა, სადღაც ვიტყუო და სადღაც ჩემს ღირსებას მე თვითონ შევეხო. მე გეუბნებით მე როცა ესენი ძალად მამაწარებენ, მე აქ ამ ერთ წელიწადში იმდენი გავიარე, ამას მხეცი ვერ გაუძლებდა. მაგრამ როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ეს საუბარი, ხან ამასთან, ხან იმასთან. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას. მე მინდა ვიცოდე, მე ამას გავიგებ, არც ვმალავ, ვინ არის ჩემი მტერი მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც, მისი შვილიც, შვილიშვილიც და თაობაც, მისი შთამომავალიც მისი მოდგმაც, ყველა მაინტერესებს. არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ უნდა ვიცოდე ვინ არის ჩემი მტერი. მე გავიფიქრე ეს ბევრჯერ მომივიდა ეს აზრი, მაგრამ ამას ისე ვკლავ ჩემში, ვნახულობ ამ ძალას, იმიტომ რომ მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ მე და ამაზე არ ვარ წამსვლელი, მაგრამ როგორც ასეთი მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ. მე მომიკლეს სახლში შვილი ჩემ თვალწინ, ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვცდილობ რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები,“- ამბობს მაჩალიკაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ მისვლას, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ 5-ჯერ იყო მისული და მეტჯერ გამოკითხვაზე მისვლას აღარ აპირებდა, თუმცა რომ სცდონოდა რას შეეხებოდა საქმე, მივიდოდა და ახლაც მზად არის მივიდეს.

„მე ვიყავი 5ჯერ დაბარებული სუსში. 10 საათი დამკითხეს, მაშინ მე ვთქვი მეტი აქ არ მოვალ თუ ძალით არ მომიყვანეთთქო. ყველა ვინც იქ ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. ნებისმიერმა ადამიანმა ერთი წუთით ჩემს ადგილზე წარმოიდგინოს თავი, იმიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცდონოდა ამ საკითხს ესებოდა, მე მივიდოდი. ახლა ნესბისმიერ დროს მივალ სუს-ში,“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არც მის დაკავებას გამორიცხავს, და ამბობს, „მე ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და თუ ვამზადებდი ტერაქტს, დალოდებოდნენ და ფაქტზე დავეჭირე.“ მისი თქმით, ივანიშვილით დაწყებული მთელი სუს-ით დამთავრებული, იმაზე მუშაობენ, რომ გააჩუმონ.

„მე ციხის არ მეშინია, ციხიდან ვიბრძოლებ, დამიჭირონ აქ ვარ, თუ დამნაშავე ვარ დამიჭირონ,“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 15:00 საათზე დაკითხვაზე არის დაბარებული. 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

სპეცოპერაციის დღეს სუს-ში თქვეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

 

 

კომენტარები