რუსეთი-აშშ-ირანი

კრემლი ირანის მიერ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვებაში აშშ-ს ადანაშაულებს

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ირანის მიერ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვება აშშ-ის პროვოკაციის ბრალია.

"პრეზიდენტმა [პუტინმა] უკვე არაერთხელ ისაუბრა გაუთვლელი ნაბიჯების შესაძლო შედეგებზე ირანთან დაკავშირებით და ამაში მე ვგულისხმობ ვაშინგტონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას [შეთანხმების დატოვების თაობაზე]. ახლა ჩვენ შედეგებს ვხედავთ, რომელიც უკვე სახეზეა." უთხრა მან ჟურნალისტებს.

რუსული მედიის მიხედვით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა და უთხრა, რომ თეირანის გადაწყვეტილება კანონიერია და შეთანხმების პირობებს არ არღვევს.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

კომენტარები