თბილისის მერია

10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი, მწვანე ავტობუსები იმოძრავებენ

0 კომენტარი

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი, მწვანე ავტობუსები წარადგინა. მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები 10 მარშრუტზე გადანაწილდება.

"უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება" - აცხადებს თბილისის მერია.

მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსს მიიღებს, ისინი გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

მერიის ინფორმაციით, Man-ის ფირმის ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

ამასთან, წლის ბოლომდე, თბილისში IZUZU-ს ფირმის, 53 მგზავრზე გათვლილი 220 ავტობუსი შემოვა. კახა კალაძის თქმით, "ამით მთლიანად შევძლებთ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას". მერია ასევე აპირებს, მომავალ წელს დამატებით 200 ავტობუსის შემოყვანას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები