მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ მივა

ანა კორკელია

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხვალ მივა. 

მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ მიზეზი მისი მოუცლელობაა - მას 8 მაისს, 15:00 საათზე სხვა საქმის პროცესი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატის გარეშე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში არ მივა. ის სწორედ დღის 3 საათზე იყო დაკითხვაზე დაბარებული. 

"მე წინასწარ ვუთხარი სუს-ს ამის შესახებ და მაინც 15:00 საათზე დაიბარეს. რა ვიცი, რამდენად კოლეგიალურია. ხვალ მივა 11:00 საათზე", - თქვა მარიამ კუბლაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

კერძოდ, უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

სუს-ის ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები