რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმე და სტრასბურგის გადაწყვეტილება - ცრუობს, თუ არა თეა წულუკიანი?

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რუსთავი 2-ის შესახებ ახალ სადავო საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ მოდავე მხარის, ნინო ნიჟარაძის, სამართლებრივი არგუმენტები სამართლიანიც რომ იყოს, მანამ, სანამ ტელეკომპანიაზე სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მოქმედებს, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს. 

"რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ, სანამ შეჩერების გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას,"- თქვა თეა წულუკიანმა. 

თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ საქმეს, ქიბარ ხალვაშის დავას ეხებოდა.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც სასამართლოს ბოლო ინსტანციამ, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 საკუთრებაში ქიბარ ხალვაშსა და შპს "პანორამას" გადასცა, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა იქამდე, სანამ საქმეზე გადაწყვეტილებას თავად არ გამოიტანდა. 

იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიტიძე თეა წულუკიანის ამ კომენტარს "უცნაურს" უწოდებს. კერძოდ, ჩიტიძე ამბობს, რომ გაუგებარია, რას გულისხმობს იუსტიციის მინისტრი. ჩიტიძის თქმით, თუ წულუკიანი იმას ამბობს, რომ ნინო ნიჟარაძის რიგი მოთხოვნები არასამართლიანია, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მას ტელეკომპანიაში წილი აღარ ეკუთვნის, ამ ლოგიკას იზიარებს. ხოლო, თუ თეა წულუკიანი ამბობს იმას, რომ სტრასბურგის მიერ გამოტანილი შეჩერების გადაწყვეტილების გამო რუსთავი 2-თან დაკავშირებით ვერანაირი დავა ვერ წარიმართება, ეს არასწორია. 

"ამ ორ საქმეს სამართლებრივი კავშირი მხოლოდ იმ ნაწილში შეიძლება ჰქონდეს, სადაც ეს ქალი იძახის, რომ დღემდე არის პარტნიორი. იურისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არის პარტნიორი იმიტომ, რომ სტრასბურგმა გააჩერა გადაწყვეტილება და დატოვა სტატუს-ქვო. მე მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის. სტრასბურგმა შეაჩერა აღსრულება, მაგრამ სტატუს ქვო სამართლებრივად შეიცვალა 2017 წელს. შეიძლება, ქიბარ ხალვაში დღეს ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ ეგ ქონება არის მისი სამართლებრივად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქ შეიძლება იყოს სადავო. თორემ, სტრასბურგმა გააჩერა და ახლა ყველანაირი დავა შეჩერდება რუსთავი 2-ის მიმართ, არ არის სწორი. უბრალოდ, ვერ ვიგებ რას ამბობს. 

თუ წულუკიანი იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივად ეს ქალი პარტნიორი არ არის და ვერ იდავებს, მე ამ ლოგიკას ვიზიარებ სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც პარტნიორობას ეხება, მაგრამ თუ ზოგადად ამბობს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ვერანაირი დავა ვერ წარიმართება თეორიაშიც კი, ეს არის არასწორი იმიტომ, რომ აღსრულების გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეს მიემართება," - ამბობს გიორგი ჩიტიძე.

 

ჩიტიძისვე თქმით, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუ არა, ამას დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ნიჟარაძეს სწორი მოთხოვნები რომც ჰქონდეს, მაშინ ჩვეულებრივად იდავებს და მოგების შემთხვევაში, აღსრულდება კიდეც, სტრასბურგის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად. 

ნინო ნიჟარაძეს სამართლებრივი დავის ფარგლებში 5 მოთხოვნა აქვს. აქედან ორი მოთხოვნა მისი წილის გასხვისების საკითხს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი სამი ზიანს. იურისტი მიიჩნევს, რომ ზიანის სამი მოთხოვნა არავალიდურია, რადგან მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშსა და შპს "პანორამას" გადასცა, ნინო ნიჟარაძე პარტნიორად ვეღარ ჩაითვლება იმავე სასამართლოს მიერ. 

"სანამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია, ჩემი აზრით, სხვა ინსტანციების სასამართლოები ვერაფერს იზამენ, რადგან მათთვის მოცემულობაა, რომ საკუთრების უფლება, წილები, პარტნიორობა ქიბარ ხალვაშისაა 60%-ით, 40%-ით შპს "პანორამა". ამიტომ, მე რომ მოსამართლე ვიყო, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მაგ დავას საერთოდ არ მივიღებდი იმიტომ, რომ ნინო ნიჟარაძეს უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩავთვლიდი. ამ დავაზე რომ იდავო, უნდა იყო პარტნიორი და, ჩემი აზრით, 2017 წლიდან, რაც არ უნდა იყოს, როგორი სადავოც არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ის პრეცენდენტია და სავალდებულოა ქვედა ინსტანციებისთვის, მით უმეტეს, დიდმა პალატამ გამოიტანა. იმ 2 მოთხოვნას რაც შეეხება, წილების გასხვისებაზე, ეგ, უბრალოდ, როგორც მივხვდი, არის ხანდაზმული იმიტომ, რომ ეს ქალი მაგაზე დაობდა, მერე გამოიტანა და უკან აღარ შეიტანა. 6 თვეა ხანდაზმულობის ვადა, თუ გამოითხოვ და იმავე საგანზე გინდა რომ იდავო, მაგრამ ეს ხანდაზმულობა რომ არ იყოს გასული, მე მგონია, რომ ხელს არაფერი არ შეუშლის იმ ორ მოთხოვნაზე იდაოს იმიტომ, რომ იქ დაობს 2015 წლის მდგომარეობით, როცა იყო პარტნიორი,"- ამბობს გიორგი ჩიტიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები