პროსტიტუცია

შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით "როენა მამიდა" და კიდევ ორი პირი დავაკავეთ

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან:

  • სასტუმრო "მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული როენა ხუცურაული - მეტსახელად "მამიდა".
  • ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“.
  • სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს აქვე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მარტში, ამ ბრალდებით ორი პირი დააკავეს - სასტუმრო "მამიდას" ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად "ფისო".

კომენტარები