აშშ-ვენესუელა

აშშ-მა ვენესუელელ გენერალს, რომელმაც მადუროსთან კავშირი გაწყვიტა, სანქციები მოუხსნა

მაიკ პენსი
Getty Images

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეკონომიკური სანქციები მოუხსნა ყოფილ ვენესუელელ გენერალ მანუელ კრისტოფერს, რომელმაც ნიკოლას მადუროსთან გაწყვიტა კავშირი.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯით სხვებსაც წავახალისებთ, რათა გენერალ კრისტოფერის მაგალითს მიბაძონ," - განაცხადა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

შავი სიიდან მისი ამოშლის შემდეგ კრისტოფერს აშშ-ში განთავსებულ აქტივებსა და ქონებაზე ხელი მიუწვდება, მას უკვე შეუძლია აშშ-ს ფიზიკურ პირებთან, კომპანიებთან და ბანკებთან აქტივობების განხორციელება.

ამჟამად, აშშ-ს მადუროსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი ვენესუელელი მაღალჩინოსანი შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.  

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ოთხშაბათს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მას შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი თინეიჯერი. დაშავდა სულ მცირე 46 ადამიანი.

გასულ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში აშშ-ის სამხედრო ძალების ჩართვას არ განიხილავს. მისი თქმით რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა დაარწმუნა, რომ მას არ სურს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში ჩარევა, მხოლოდ სურს, რომ პოზიტიური ცვლილებები მოხდეს. ტრამპის თქმით მასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს.

მიუხედავად ამისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთი ვენესუელადან უნდა გავიდეს.

23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ვენესუელელებმა 2017 წელს საშუალოდ 11 კილოგრამი დაიკლეს წონაში; ჰიპერინფლაციის ფონზე თვიური შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე დღე ყოფნის ოჯახებს; ქვეყანაში სუფთა წყალზე წვდომა ფუფუნებაა; ინფექციური დაავადებები, როგორიც არის მალარია, წითელა და დიფტერია - ხშირია; ვენესუელაში ელემენტარული სამედიცინო საშუალებების დეფიციტია, მოქალაქეები აუცილებლობის შემთხვევაში მეზობელ ეკვადორში ან კოლუმბიაში ეძებენ წამლებს; ადამიანების გატაცება ხშირი მოვლენაა; 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მკვლელობის მაჩვენებელი კარაკასში იყო - ყოველ 100 000 ადამიანზე 120 მკვლელობა; დაახლოებით სამ მილიონზე მეტმა ვენესუელელმა ქვეყანა უკვე დატოვა; ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთ ტრილიონზე მეტი გაქრა - ზოგი უსარგებლო სოციალურ პროგრამებში დაიხარჯა, დანარჩენი მაღალჩინოსანთა ანგარიშზე აღმოჩნდა; 2018 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 12 თვეში 1 300 000%-ს მიაღწია.

კომენტარები