მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: მივმართავ პროკურატურას, დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში

0 კომენტარი
სოსო გოგაშვილი ფოტო: ინტერპრესნიუსი

სოსო გოგაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა. ის აყვანის პერიოდში დაიჭრა, ჭრილობის გამო კი ფატალური შედეგი დადგა. 

ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ პროკურატურას მიმართა, დაკითხონ პანკისის ხეობის სპეცოპერაციის საქმეზე. 

"ჩვენ სპეცოპერაცია სალოსის ქუჩაზე ჩავატარეთ, შემდეგ იქიდან ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე, უცხოელ კოლეგებთან ერთად ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცედურები ჩავატარეთ, ამოვიღეთ მტკიცებულებები, რამაც მოგვცა საფუძველი, რომ ეს ადამიანები ტერაქტის მომზადებაში იყვნენ ჩართულები. საჭირო გახდა იმ ადამიანების დაკავება.

რა თქმა უნდა, სასამართლო განჩინება იყო, რის საფუძველზეც, ის უნდა დაგვეკავებინა. არანაირი ბრძანება არ ყოფილა გაცემული არავის ლიკვიდაციაზე, რადგან ჩვენ ყველა ის ადამიანი ცოცხალი გვჭირდებოდა, რადგან ისინი ჩვენებებს მოგვცემდნენ, მათ შორის, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილსაც, მისგანაც ძალიან ბევრ ჩვენებებს მივიღებდით. როცა სპეცოპერაცია იგეგმება, იქ ყველაფერი ხდება.

ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა, აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა, ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და იმედი მაქვს, მალე დამთავრდება. დაკითხულია ბევრი ადამიანი. თქვენი კითხვით ვისარგებლებ, მინდა პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა, რომ დამკითხონ - დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს, თბილისში ვიყავი, ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები, ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ამ ღონისძიებას", - თქვა გოგაშვილმა ინტერპრესნიუსთან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

უწყებამ 7 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მაჩალიკაშვილი 9 მაისს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. . 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

მას შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს მართავს, თავისი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები