რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის ადვოკატი: წულუკიანს სტრასბურგის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს

ტაბულა

რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რუსთავი 2-თან დაკავშირებულ ახალ დავაზე საუბრისას თქვა, რომ სანამ ტელეკომპანიაზე სტრასბურგის შეჩერების გადაწყვეტილება მოქმედებს, მანამ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება. 

ადვოკატი თამთა მურადაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა იცის საქმის რისკები და სტრასბურგის შესაძლო რეაქციაც და მას გაცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პირველ რიგში სახელმწიფოს სახელით ვალდებულება აკისრია.

"ამიტომ, მე ვთვლი, რომ მას აქვს გათვლილი ეს რისკები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და არამხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ რეპუტაციული ზიანიც, რაც შეიძლება მიადგეს საქართველოს ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობით და მე ვფიქრობ, სწორედ ამის გამო იყო ეს განცხადება გაკეთებული,"- ამბობს მურადაშვილი. 

ადვოკატისვე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილების არსი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა. 

"სტრასბურგის სასამართლომ ის ჩანაწერი დროებით ღონისძიებაში რაც იყო, თქვა, რომ ხელისუფლებას აუკრძალა ნებისმიერი ფორმით კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. ჩვენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, თავიდან, როდესაც გავაგზავნეთ დროებითი ღონისძიების მოთხოვნაზე დოკუმენტაცია, იქ ვითხოვდით, რომ არ ასახულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება რეესტრში, არ შეეხონ მენეჯმენტს, დირექტორს და ეს ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა შემდეგი სახით, რომ აეკრძალოს მთავრობას ამ გადაწყვეტილების აღსრულება და თავი შეიკავოს ხელისუფლებამ კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ნებისმიერი ფორმით. ამ ნებისმიერ ფორმაში იგულისხმება ნებისმიერი ქმედება, რაც შეიძლება კომპანიის ფუნქციონირებას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას შეუშალოს ხელი. შესაბამისად, ეს კანონმდებლის გადაწყვეტილება ტექნიკურად შეიძლება სარჩელის საფუძველზე იყოს, მაგრამ არსი ამ გადაწყვეტილებისა არის ის, რომ შენარჩუნდეს სტატუს-კვო,"- ამბობს თამთა მურადაშვილი. 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რუსთავი 2-ის შესახებ ახალ სადავო საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ მოდავე მხარის, ნინო ნიჟარაძის, სამართლებრივი არგუმენტები სამართლიანიც რომ იყოს, მანამ, სანამ ტელეკომპანიაზე სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მოქმედებს, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს. 

"რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ, სანამ შეჩერების გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას,"- თქვა თეა წულუკიანმა. 

თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ საქმეს, ქიბარ ხალვაშის დავას ეხებოდა.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც სასამართლოს ბოლო ინსტანციამ, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 საკუთრებაში ქიბარ ხალვაშსა და შპს "პანორამას" გადასცა, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა იქამდე, სანამ საქმეზე გადაწყვეტილებას თავად არ გამოიტანდა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ერთერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების, ჯამში 26 მილიონს ლარს.  გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.

კომენტარები