შუალედური არჩევნები

"ამომრჩევლის მოსყიდვა, რეგისტრაციით მანიპულირება, ბიუჯეტის გამოყენება" - საიას მონიტორინგი

„ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირების და ფარულობის პრინციპის დარღვევა, საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება,“ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამების სრულად მოხატვის დაპირება და ასევე სოფელ ხიბულაში მოსახლეობისათვის, საკუთარი ფულით, გაზისა და წყლის საკითხების მოგვარების დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებია.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს უსასყიდლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას ჰპირდება, რაც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას,“- წერია ანგარიშში.

მოსყიდვად შეაფასა საიამ „გირჩის“ კანდიდატის ჰერმან საბოს მიერ, მთაწმინდაზე გადაწერის სანაცვლოდ, წყლის კომუნალურის გადახდის დაპირება. ანგარიშში ასევე საუბარია ზურაბ ჯაფარიძის დაპირებაზე, რომ ვისაც ბუულეტენის ფოტო ექნება, სადაც გირჩი არის შემოხაზული, გარკვეულ სარგებელს მიიღებს.

„გირჩის“ ეს ქმედება რამდენიმე მიმართულებით უნდა შეფასდეს.

ამომრჩევლის მოსყიდვა: პარტიებს ეკრძალებათ ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან მატერიალური ფასეულობის დაპირებით.8 გირჩის მიერ კომუნალური გადასახადის გადახდის დაპირების მიზანია მოქალაქეთა დაინტერესება, მიიღონ გარკვეული ფინანსური სარგებელი და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. კანონმდებლობის მიხედვით, ეს ქმედება საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას,9 ადმინისტრაციულ10 და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება: მიუხედავად იმისა, რომ ოლქიდან ოლქში გადაწერა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ არის. რეგისტრაციის მისამართის ორგანიზებული, საარჩევნო მიზნით შეცვლა ამომრჩევლის ხმებით მანიპულირების მაგალითია და ეწინააღმდეგება თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა: კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, ხმის მიცემის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. პარტიის განცხადებით, ამომრჩეველი სარგებელს იმ პირობით მიიღებს, თუ წარადგენს საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული. აღნიშნული განცხადება უბიძგებს ამომრჩევლებს, საკუთარი მხარდაჭერის დასამტკიცებლად, უარი თქვან ფარულობის პრინციპზე. ამდენად, საია მიიჩნევს, რომ „გირჩის“ ზემოაღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მანიპულაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა და ფარულობის პრინციპის დარღვევა,“  -წერია ანგარიშში.

რაც შეეხება საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, საია, წერს, რომ ადიგენისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა დაარღვიეს კანონმდებლობა და ბიუჯეტში ცვლილებები არჩევნების დანიშვნის შემდეგ შეიტანეს.

"არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. ასევე, ამავე ვადიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება. აღნიშნული თვალსაზრისით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 აპრილის ცვლილებით ბიუჯეტში სრულებით ახალი პროგრამა („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების დახმარება“) 8 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შემდეგ, 17 აპრილის ცვლილებით, კიდევ ერთხელ გაიზარდა სოციალური პროგრამები 9800 ლარით.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების დაფინანსება ჯერ 4 აპრილის ცვლილებით – 20 000 ლარით, ხოლო შემდეგ 12 აპრილის ცვლილებით – 32 100 ლარით გაიზარდა," - წერია ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო მონიტორინგი 2019 წლის 20 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. 

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

კომენტარები