სომხეთი

ფაშინიანი: აუცილებელია ბავშვების სქესობრივი განათლება უზრუნველვყოთ

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თქვა, რომ აუცილებელია ბავშვების სქესობრივი განათლება უზრუნველყოფილი იყოს. 

ამის შესახებ ფაშინიანმა თავისი პრემიერმინისტრობის 1 წლისთავისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ერთერთმა ჟურნალისტმა მას ერევანში ფემინისტი ავტორის, კარენ უილტონის, წიგნის "ჩემი სხეული ჩემი საქმეა" პრეზენტაციის ჩაშლასთან დაკავშირებით ჰკითხა. 

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მან ეს წიგნი წაიკითხა და იქ გასაკიცხი ვერაფერი დაინახა. 

"მე წავიკითხე ეს წიგნი და იქ მე ვერაფერი გასაკიცხი ვერ დავინახე. მე პატივს ვცემ მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. უბრალოდ, ეს კითხვები უნდა განვიხილოთ. უნდა გავიგოთ, რომ ბავშვები იზრდებიან და სვამენ კითხვებს. საიდან იღებენ ისინი სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას - ქუჩიდან, აკრძალული ფილმებიდან, პორნო საიტებიდან? ეს ჩვენ არ გვანაღვლებს? აუცილებლად უნდა ვზურულველყოთ ბავშვების სქესობრივი განათლება. გვინდა, რომ სომხეთი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩავტოვოთ? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემაა,"- თქვა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში, საშუალოდ, წელიწადში პედოფილიის 50-დან 70 შემთხვევა ფიქსირდება. მისი თქმით, ასეთ მაღალ მაჩვენებელს ის იწვევს, რომ ბავშვები მსგავს სიტუაციებს მოუმზადებლები ხვდებიან და ხშირად ვერ ხვდებიან, რა ხდება და არ იციან, ამაზე როგორ ირეაგირონ.

პაშინიანი დარწმუნებულია, რომ კონტრავერსიული წიგნი სომხეთის მოსახლეობაში სექსუალური განათლების ზრდას ხელს შეუწყობს. 

"ყველა ლაპარაკობს გარყვნილებაზე, თუმცა არავინ კითხულობს, საიდან იგებენ ჩვენი შვილები სქესობრივ ცხოვრებაზე - ერთმანეთისგან, აკრძალული და პორნო საიტებიდან, მშობლებს აყურადებენ? წიგნში არაფერია უჩვეულო. საერთოდაც, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს საკმარისი ცოდნა სექსუალური განათლების კუთხით?,"- თქვა ფაშინიანმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრის თქმითვე, ნამდვილი გარყვნილება ისაა, როდესაც პატარა ბავშვებს სახლში გინებას ასწავლიან. ის თვლის, რომ წიგნი ექსპერტებმა უნდა გაარჩიონ და მას პრიმიტულად არ უნდა მიუდგნენ. 

"და რამდენმა იცის, რომ იმპოტენცია პირველი ღამის დროს გაუნათლებლობის შედეგია. ეს სერიოზული პრობლემაა, დემოგრაფიული, ოჯახური და ა.შ." - ამბობს ფაშინიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები