ევროკავშირი - ირანი

თეირანის ნაბიჯის შემდეგ ევროკავშირი ნებისმიერ ულტიმატუმს გამორიცხავს

Europa

9 მაისს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ირანის ნაბიჯის შემდეგ ისინი კვლავ ჩართულები იქნებოდნენ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში და ნებისმიერ ულტიმატუმს გამორიცხავდნენ.

მათი თქმით, ნანობენ, რომ აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, თუმცა თავად ირანის ბირთვული შეთანხმებაში რჩებიან.

"ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ, რათა ირანთან ლეგიტიმური ვაჭრობა უზრუნველყოთ," - ვკითხულობთ საერთო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ თეირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე. ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

კომენტარები