პანკისის ხეობა

ტრაქტორი, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა, ადიდებულმა მდინარემ წაიღო

ტრაქტორი, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა მდინარემ წაიღო. კადრებს reginfo.ge ავრცელებს. მდინარე ალაზანმა ის ტრაქტორი წაიღო, რომელსაც ადგილობრივებმა, 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს, ცეცხლი წაუკიდეს. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შსს-მ თქვა, რომ უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი. 

კომენტარები