გირჩის საროსკიპო

გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო "პიონერი" გახსნა

გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა. საროსკიპოს სახელი "პიონერი" იქნება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომლის მთავარი თემაც პროსტიტუციის ლეგალიზაცია იყო. როგორც ჯაფარიძემ თქვა, ოთახის დაქირავება ერთი სათით 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება და "ოთახის დაქირავება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს რომ დაკავედეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით." ზურა ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს თვისობრივი განსხვავება იმ სასტუმროებსა და ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ სხვა სასტუმროს შორის, რომლის მეპატრონეებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საუბარია სასტუმრო "მამიდას" მფლობელზე როენა ხუცურაულზე და მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებზე. 

"საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სექსინდუქტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა არ თვლის ადამიანებად, ექცევა, მათ როგორც მონებს და ხშირ შემთხვევაში იყენებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ ინფორმაციის წყაროდ. ყველა ხელისუფლება ამ ქვეყანაში, როდესაც სჭირდებოდათ ძალის დემონსტრირება და სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა ახორციელებდნენ ხოლმე სექსინდუსტრიაში დაკავებული ადამიანების ტერორს, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები რჩებოდნენ შემოსავლის წყაროს გარეშე. ჩვენი აზრით არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ნებისმიერ სხვა სასტუმროს შორის, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ცნობილ ბრენდებს შორის, ყველა ამ სასტუმროში ადამიანები ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ ფასიანი სექსუალური მომსახურებით, შესაბამისად, ცხადია სახეზე არის შერჩევითი სამართალი. მეტიც, არსებული კანონმდებლობით ნებისმიერი ბიძა, რომელიც საკუთარ ძმისშვილს დაუფინანსებს სექსუალურ მომსახურებას ან ძმაკაცი დაუთმობს ძმაკაცს ბინას, რომ იქ დაკავდეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით, ყველა ეს ადამიანი დღევანდელი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და ეფუძნება ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა და მათ შორის პატიოსანი შრომა არის პროსტიტუციაც. ერთადერთი გზა, იმისთვის რომ დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ამავე დროს დავიცვათ სექსინდუსტრიაში დაკავებული ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის ხშირ შემტხვევასი ძალადობისგან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც მოვახდინოთ პრევენცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, არის პროსტიტუციის ლეგალიზაცია," - ამბობს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ქმედებიტ კანონს არღვევას და სელისუფლებამ უნდა დააკავის ან მთელი გირჩი, ან გაათავისუფლოს ამ მუხლით დაკავებული ყველა ადამიანი. 

"ჩვენ დღეს დემონტრაციულად გირჩის ოფისის ერთ ნაწილში ვხსნით საროსკიპოს, სახელმწოდება არის "პიონერი." მისი სპონსორი არის სექსშოპი "კიკუ".  ამ ქმედებით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც არის პროსტიტუციის ხელშეწყობა, კერძოდ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებამ ან უნდა დაგვაპატიმროს მთელი გირჩი, ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, და ზოგადა შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა," - ამბობს ჯაფარიძე. 

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი 8 მაისს დააკავეს. დაკავებულები არიან - სასტუმრო მამიდას მფლობელი როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზ. ქ. - მეტსახელად "სალომე“, სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ.

 

კომენტარები