მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ადვოკატი: მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე 15:00 საათზე მივა

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 10 მაისს, 15:00 საათზე მივა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ში უკვე რამდენიმე დღეა ელოდებიან, ამ დრომდე პარლამენტის წინ გაშლილ კარავშია, სადაც ბოლო თვეებია უწყვეტ აქციებს მართავს. 

მისი თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და სუს-მა, რომელმაც ის საქვეყნოდ ტერორისტად გამოაცხადა, ის კარავიც კი არ გაჩხრიკა, სადაც ბოლო 9 თვეა ცხოვრობს. 

"მე სრულებით არაფერი არ ჩამიდენია. მე არ ჩამიდენია არაფერი. არც მე, არც ჩემი თანმხლები არ ვართ დანაშაულის ადგილას შემჩნეულები. ჩვენ არანაირი კონტაქტი იარაღთან არა გვქონია, არანაირი მცდელობა ჩვენ არა გვქონია. რომც გვქონდეს, საქვეყნო ტერორისტად გამომაცხადეს, ხო? მე სად ვცხოვრობ ეს 9 თვე? კარვებში, არა? ერთი კაცი არ მოსულა, ეს უნიჭოები, ეს ნაძირლები, თუნდაც კარვები რომ გაეჩხრიკათ. საქვეყნოდ ტერორისტად გამომაცხადეს და კარავი არ გაუჩხრეკიათ, სადაც 9 თვე ვცხოვრობ. კაცი შვილი არ მოსულა კარავში, რა ხდება, რომ გაიგოს. წარმოიდგინეთ, რა პროფესიონალები არიან ესენი. ესენი არიან სრულებით დებილები. მე თქვენ, საქართველოს შვილები მეცოდებით ამ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელში,"- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები