გიორგი გახარია

გახარია: საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდა ბუნებრივი და მოსალოდნელია, თუმცა მთავრობა ამაზე მუშაობს და კონკრეტული გეგმა აქვს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს თქვა.

კრისტოფ კასტანერმა და გიორგი გახარიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ფრანს 24-ის ჟურნალისტის შეკითხვა სწორედ საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა ზრდას ეხებოდა.

"ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი, გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, საფრანგეთთან მიმართებაში, ეს ისტორიული სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურულ დონეზე, არის დამატებითი მოტივი იმისთვის, რომ საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკადი ცოტა უფრო მაღალია და ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავგეგმეთ", - თქვა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც საქართველოს ოფიციალურად ეყოლება საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები. გახარიას თქმით, ეს სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ხელისუფლება ხედავს განსაკუთრებული ნაბიჯების საჭიროებას საფრანგეთთან მიმართებაში.

"ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში. ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ციფრებს შევამცირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა. 400 ათასზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით. არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. მათი უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, თუმცა ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მიმართულება, ამ ქვეყნის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება იყოს როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები არის, ამ გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი", - თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები