ვიზალიბერალიზაცია

ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან

0 კომენტარი
ფოტო: kutaisiairport.ge

საქართველოს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთში იმ ქალაქების აეროპორტებში იქნებიან, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისები სრულდება. ასევე, ქუთაისის აეროპორტში ფრანგი ოფიცრებიც შეამოწმებენ საფრანგეთში წასვლის მსურველთა დოკუმენტაციას. ამის შესახებ დღეს საქართველო-საფრანგეთის შს მინისტრების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

"უვიზო მიმოსვლა მართლა არის საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არც ერთ შემთხვევაში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ჩვენი მხრიდან გარკვეულ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით უკვე ჩვენით, დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისი-პარიზის რეიზზე, ეს ოფიციალურად გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან პარიზში, ლიონში და სხვა იმ ქალაქებში, სადაც საქართველოდან სრულდება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა“, - აცხადებს შს მინისტრი და აღნიშნავს, რომ "საფრანგეთთან მიმართებით გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა".

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სქართველოს დღეს ეწვია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კასტანერმა თქვა, რომ "საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა". მან აღნიშნა, რომ "ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისა და მოქალაქეებითვის, არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობით". კრისტოფ კასტანერის თქმით, "თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება, ხვალ საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე".

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და საფრანგეთის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები