საქართველოს პარლამენტი

სხდომა, სადაც ქობულიას მოსმენის საკითხის კენჭისყრას ითხოვდნენ, რომან კაკულიამ გადადო

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საკომიტეტო მოსმენის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდა, რომან კაკულიამ გადადო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიზეზად ის დაასახელა, რომ სხდომას კომიტეტის ქართული ოცნების წევრი დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრებოდა.

ევროპული საქართველოს წევრის დავით ბაქრაძის თქმით, სხდომას ესწრებოდა 10 დეპუტატი, კვორუმი შედგა, შესაბამისად, ოპოზიციას უფლება ჰქონდა, საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მოეთხოვა.

"მაინტერესებს უმრავლესობის აზრი, რომელიც არ არის წარმოდგენილი" - თქვა რომან კაკულიამ და საკითხზე შეთანხმება მოითხოვა. ამაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპასუხეს, რომ ამაზე ვერ შეთანხმდებოდნენ.

"მაშინ კომიტეტის სხდომა გადადებულია" - განაცხადა რომან კაკულიამ.

8 მაისს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კომიტეტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მისვლის საკითხი დააყენა. ეს გადაწყვეტილება ფრაქციამ ქობულიას მიერ "ფორბსის დილისთვის" და "შაბათის კურიერისთვის" მიცემული ინტერვიუების შემდეგ მიიღო, სადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იმ მიზეზებზე საუბრობდა, რის გამოც მას პოსტი დაატოვებინეს. 

ინიციატივის პასუხად, 8 მაისს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ პირადად ის ამ იდეის მომხრეა, თუმცა აზრი სხვა დეპუტატებსაც უნდა ჰკითხოს, რაზეც ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ ამის წინააღმდეგები არიან. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

რამდენიმე დღის წინ, გიორგი ქობულიამ ინტერვიუში თქვა, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან, პრემიერმინისტრმა ბახტაძემ, თუ ბიძინა ივანიშვილმა, ამბობს, რომ ამას ვერ დააკონკრეტებს. გადაყენების მიზეზად ქობულია მიზეზად მასსა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

კომენტარები