აშშ-ირანი

პომპეო: აშშ-ს ინტერესებზე ირანის ნებისმიერ დარტყმას სწრაფად ვუპასუხებთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
The Japan Times

9 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ გასულ რამდენიმე კვირაში ირანისგან მომდინარე საფრთხე გაიზარდა და მან ირანს გაფრთხილება გაუგზავნა, რომ აშშ-ს ინტერესებზე ნებისმიერი დარტყმას ვაშინგტონი სწრაფად უპასუხებს.

"თეირანის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ მათგან ან მათი მარიონეტებისგან ნებისმიერ დარტყმას აშშ-ს ინტერესების ან მოქალაქეების წინააღმდეგ აშშ-სგან სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი გაეცემა," - განცხადებაში აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ თეირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე. ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.  გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები