აშშ-ირანი

ბოლტონი CIA-ში ირანზე სამსჯელოდ სადაზვერვო, დიპლომატიურ და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვედა

0 კომენტარი
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი ფოტო: NBC

NBC-ს ინფორმაციით, გასულ კვირას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი ირანის საკითხზე სამსჯელოდ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან სადაზვერვო, დიპლომატიურ და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გამონაკლისი იყო, რადგან, როგორც წესი, მსგავსი შეხვედრები თეთრ სახლში იმართება, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კი თეთრი სახლის მაღალი რანგის პირები და კაბინეტის წევრები არ იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრა 29 აპრილს გაიმართა. მას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი, თავდაცვის მდივანი პატრიკ შენაჰანი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული სადაზვერვოს დირექტორი დან ქოთსი ესწრებოდა.

უცნობია, კონკრეტულად რა განიხილეს მათ, თუმცა ეს არ ეხებოდა გასული კვირის მოვლენებს, როდესაც "შემაშფოთებელი, ესკალაციური ნიშნებისა და გაფრთხილებების" გაზრდის გამო რეგიონში დამატებით სამხედრო იარაღის განთავსებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხუთი თანამშრომლის ინფორმაციით, წარსულში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მსგავსი შეხვედრები იმართებოდა, რათა წამყვან პირებს ფარულ ქმედებებსა და სენსიტიურ ინფორმაციაზე ემსჯელათ.

ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტო ერთადერთი ადგილია, სადაც ირანზე სპეციფიკურ სადაზვერვო შეკრებებს განიხილავენ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორის ჯონ მაკლოგლინის თქმით, მსგავსი შეხვედრები იმ შემთხვევაშიც იმართება, თუ სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე განსხვავებული შეხედულებებია.  

"ჩვენ უბრალოდ არ გვსურს, რომ მათ ბირთული იარაღი ჰქონდეთ, ბევრს არ ვითხოვთ. ჩვენ მათ დავეხმარებოდით, რომ ბრწყინვალე ფორმაში მოსულიყვნენ, ახლა ცუდ დღეში არიან. ვიმედოვნებ, რომ დადგება დღე, როდესაც რეალურად შეგვეძლება მათი დახმარება. მე მინდა, რომ ისინი ძლიერები იყვნენ და ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეთ. თუმცა ამისთვის მათ უნდა მოგვმართონ და ამ შემთხვევაში ჩვენ ღია ვიქნებით მათთან სალაპარაკოდ," - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ თეირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე. ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.  გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები