შსს

ცივი იარაღის გაყიდვა შეიზღუდება - აიკრძალება მოზარდებზე და ნასამართლევ პირებზე გაცემა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცივი იარაღით ვაჭრობის შეზღუდვას გეგმავს. მთავრობის სხდომაზე დღეს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის თქმით, ცვლილებების მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურებაა.

"პრაქტიკაში პოლიცია არის მეტად აქტიური ცივი იარაღების ტარების გამოვლენის კუთხით. მაგალითად, მიმდინარე წელს, ჩვენ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად, ასობით ცივი იარაღი გვაქვს ამოღებული. გარდა ამისა, ეს გახლდათ საზოგადოების მოთხოვნა, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ. გამოვლენის მხრივ აქტიურობასთან ერთად, გადავწყვიტეთ ის ვაკუუმი შეგვევსო, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, განსაკუთრებით ცივი იარაღით ვაჭრობის მიმართულებით, გაყიდვის მიმართულებით", - ამბობს ის.

მეზვრიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ისჯება ცივი იარაღის ტარება, მაგრამ გაყიდვა სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რის გამოც ის არასრულწლოვნებისთვის ადვილად მისაწვდომია.

"ამ კანონპროექტის უპირველესი მიზანი გახლავთ ცივ იარაღზე არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს გაყიდვა შეუძლია ყველას და ამასთანავე ცივი იარაღი იყიდება ყველგან, მათ შორის სკოლების ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია არასრულწლოვნებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მას. ახალი კანონი გაყიდვის საკითხებს ა​რეგულირებს, აკრძალავს ცივი იარაღის გაყიდვას არასრულწლოვანზე, ასევე, გარკვეულ რისკ-ჯგუფებზე, მათ შორის მაგალითად ნასამართლევ პირებზე", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცივი იარაღის ტარებისთვის მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი სანქციები.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გაყიდვის ნაწილში არ ეხება საოჯახო და საყოფაცხოვრებო დანებს.

"რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ დანებით დანაშაულის ჩადენის აბსოლუტური პრევენცია მოხდება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდება წვდომა ცივ იარაღზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში", - თქვა მეზვრიშვილმა.

კომენტარები