მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა, მან სუს-ი დატოვა

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. ის სუს-ში შვიდ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

მაჩალიკაშვილმა უწყების შენობა უკვე დატოვა. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი.

"მე რაც მითქვამს, მაგას არასდროს დავმალავ. თუ დასამალი მექნება ოდესმე, მაგას არც ვიტყვი. ყველა შეკითხვა იქნა დასმული, ყველა შეკითხვას გავეცი პასუხები", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ აქციებს გააგრძელებს.

კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მის ბრალეულობას გამოძიება დაადგენს.

მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში იყო უზუსტობები თარგმანთან დაკავშირებით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარემ დასვა კითხვა მტკიცებულებების ავთენტურობის შესახებ, თუმცა სუს-ში ექსპერტიზის შედეგი ვერ წარმოუდგინეს და უთხრეს, რომ შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ აიღეს ხმის ნიმუშიც, რაზეც მალხაზ მაჩალიკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები