გიორგი გახარიამ 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების "თავისუფალ, დემოკრაიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად" სპეციალური ბრძანება გამოსცა. 

ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედმა შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენცია და მათზე დროული რეაგირება უნდა უზრუნველყონ. 

ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტით, რომელსაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მოწერეს ხელი, საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. 

დოკუმენტი ასევე არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. 

კომენტარები