ჩაისა და მევენახეობის სუბსიდია

მთავრობის მეთაური ჩაისა და მევენახეობის დარგში სუბსიდიების გაზრდას გეგმავს

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ჩაისა და მევენახეობის დარგში სუბსიდიების გაზრდას აანონსებს.

ამის შესახებ ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა. 

პრემიერმინისტრის თქმით, მან ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა რაიონში მცხოვრები ფერმერებისგან ძალიან ბევრი რჩევა მოისმინა. მათ შორის, ის, რომ კენკროვანი პროგრამა შეეხება ყველა რაიონს. 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცაღა ჯერ ჩვენ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით,"- ამბობს ბახტაძე. 

პრემიერმინისტრმა ასევე მევენახეობის დარგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში არსებობს უნიკალური ყურძნის ჯიშები, თუმცა მისივე თქმით, "სამწუხაროდ არ არსებობდა პროგრამა, რომელიც ამ პოტენციალს სრულად წარმოაჩენდა". 

"აქედან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც ჩვენ დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ ლამაზ კუთხეში,"- თქვა ბახტაძემ. 

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამეგრელოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისება სრულად მოხდეს. 

"იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს არის სწორი გზა იმისთვის, რომ ქართველი ფერმერი და საქართველო იყოს წარმატებული. იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად,"- თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები